გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის და განხორციელებული პროგრამების შედეგები შეაჯამა.
„2 თვეზე ოდნავ მეტია, რაც მინისტრის თანამდებობაზე ვმუშაობ, თუმცა, მრავალი წელი სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, იმ პროფესიონალი ადამიანების გუნდთან ერთად ვარ, რომლებიც კვალიფიციურად ასრულებენ საკუთარ სამუშაოს. მრავალი პროექტი და რეფორმა განვახორციელეთ როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით 5 მილიარდ ლარამდე იქნა ინვესტირებული სოფლის მეურნეობაში; ეს არის კერძო სექტორის და სახელმწიფოსთან ინვესტიცია ერთად”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა განხორციელებული პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, სახელმწიფომ 17 000 ჰა ფართობის ბაღების გაშენება დააფინანსა. ბოლო წლების განმავლობაში, მასშტაბური პროექტები განხორციელდა ტექნიკის ხელმისაწვდომობის კუთხითაც.
„გამოვყოფ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შარშან განხორციელებულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ 50 მლნ ლარი გამოვყავით ტექნიკის დაფინანსების პროგრამისთვის. წლების განმავლობაში, ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების 2000 ერთეული ტექნიკის მობილიზება შევძელით ამ პროექტების ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა ფერმერებმა შესაბამის აგროვადებში შეძლონ მიწების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება”, - აღნიშნა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ ყურადღება სამინისტროს მიერ გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების მხარდაჭერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროექტის ფარგლებში, 200-მდე ახალი საწარმო დაფინანსდა.
„ატმის წარმოება არის მიმართულება, სადაც ჩვენ შევძელით, რამდენჯერმე გაგვეზარდა ექსპორტის მაჩვენებელი, რასაც ხელი შეუწყო სწორედ იმ შემნახველი მეურნეობების შექმნამ, რომელიც ჩვენი პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ეს არის შესაძლებლობა ფერმერებისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ”, - აღნიშნა მინისტრმა.
ოთარ შამუგია სახელმწიფოს მიერ ტექნიკური დახმარების პროექტების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 150-მდე მეწარმემ მიიღო სახელმწიფოსგან დახმარება სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებებით.
„განხორციელებული პროექტების შედეგების თვალსაჩინოებისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემს ვიტყვი - ეს არის პირველადი პროდუქციის წარმოება, რომელიც, 2021 წელს, წინასწარი მონაცემებით, 6 მლრდ ლარის ფარგლებში გვაქვს; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების შედეგად, დაახლოებით, 7 მლრდ 300 მლნ ლარი. დინამიკაში რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, 10 წლის წინ, პირველადი პროდუქციის გამოშვება იყო, დაახლოებით, 3 მლრდ 600 მლნ ლარი;
დღეისათვის, თითქმის გაორმაგებულია ეს მაჩვენებელი; გადამუშავებული პროდუქციის კუთხით, მილიარდით აღემატება წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელს. სწორედ სახელმწიფო პროექტებმა მისცა სტიმული და ბიძგი, რომ ეს მნიშვნელოვანი შედეგები მიგვეღო. არ შეიძლება არ შევეხოთ ექსპორტის მაჩვენებლებს, რომელიც მილიარდ 142 მლნ ლარის ფარგლებში დაფიქსირდა 2021 წელს და ეს, დაახლოებით, 700 მლნ ლარით აღემატება 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს, 200 მლნ ლარით კი, შარშანდელს. აქაც მნიშვნელოვანია დინამიკა დავინახოთ, თუ რამდენად მზარდია წლიდან წლამდე ექსპორტის მაჩვენებელი, რაც, თავისთავად, საბოლოო ჯამში, ჩვენი ფერმერების შემოსავლებზე და მათი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე აისახება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.