შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 7 პირი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ქ.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა.
ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.თ. და 1960 წელს დაბადებული ზ.ფ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, ჯ.თ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 17 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ზ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ხ. თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა და გასაშლელი დანა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ.ჯ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.
პოლიციამ რუსთავში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.