შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ა.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, 26 მაისისა და მ. აბაშიძის გამზირის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1985 წელს დაბადებული ლ.ლ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ა.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.