საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 11 აპრილს, ტაქსის მძღოლმა ა.ბ.-მ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ, მგზავრობის მაღალი საფასური მოსთხოვა. უარის მიღების შემდგომ კი უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ა.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.