რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის მეორე ტრანშის, 55 მლნ. ევროს გაუქმება, რომლის შესახებაც 2021 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.
„საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ახალი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის დასრულების სავარაუდო თარიღია 2026 წლის 15 ივლისი.
აღნიშნულ შეთანხმებას ხელი 2020 წლის 28 ივლისს მოეწერა და იგი ითვალისწინებდა ბანკის მიერ საქართველოსთვის 90 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით ორ ტრანშად გამოყოფას.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პირველი ტრანში ფარგლებში, 35 მლნ ევროს პროექტების დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წლიდან, ხოლო მეორე ტრანშის ფარგლებში, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის 2024 წლიდან უნდა დაწყებულიყო 55 მლნ ევროს ათვისება.
„გასულ წელს ბიუჯეტის დაგეგმვისას ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მოგვიწევდა გარკვეულ ნაწილში სახელმწიფო სესხების შემცირება, ვინაიდან ვალი საკმაოდ გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს სახელმწიფო ვალი 10%-ზე მეტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაჩვენებელი მაინც მაღალია, ამიტომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც გასული წლის ბოლოს დამტკიცდა, ითვალისწინებს, რომ ეტაპობრივად შიდა ვალით ჩანაცვლდეს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მაჩვენებელი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით აღნიშნული პროექტი არ შეჩერდება და განხორციელდება თუმცა, სახელწიფოს ნაცვლად, მას თავად ელექტროსისტემა საკუთარი რესურსებით განახორციელებს.
„კომუნიკაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მეორე ტრანშით გათვალისწინებული თანხის შემცირების თაობაზე. მიმდინარეობს ელექტროსისტემის კორპორატიზაცია, რამაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა სახელმწიფოს ნაცვლად, თავად ელექტროსისტემამ მოახდინოს თანხების მობილიზება ან საკუთარი რესურსი მოახმაროს ამ პროექტის განხორციელებას. ეს სახელმწიფოსთვის 55 მლნ ევროს ოდენობის ვალის შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.