საქართველოს კანონმდებლობაში შემოდის ახალი ცნება - „იპოთეკით დაცული ობლიგაციები“, ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ და მისან გამომდინარე 10 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი.
კანონპროექტთა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ გააცნო დამსწრეთ.
„ცნება „იპოთეკით დაცული ობლიგაციები“ საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავრცელებული ინსტრუმენტია. მიგვაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი იქნება იმისათვის, რომ ასეთი ტიპის საინვესტიციო ინსტრუმენტები გაჩნდეს ქვეყანაში და მათ შორის გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა. ასევე გაიზარდოს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა. კანონპროექტი ეფუძნება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, ასევე 2019 წლის შესაბამის ევროდირექტივას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, ეს არის ობლიგაცია, რომელსაც უშვებენ კომერციული ბანკები, ხოლო ამ ობლიგაციების უზრუნველყოფას წარმოადგენს კომერციული ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხები.
„ეს ინსტრუმენტი დიდ საინვესტიციო პოტენციალს ქმნის და გაზრდის ქვეყანაში საინვესტიციო ბაზას.
ის არის უფრო იაფ და სანდო დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობა, რაც საფინანსო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს დამატებითი, უფრო გრძელვადიანი ინსტრუმენტი შექმნას, რომელიც იპოთეკური სესხის ამღებისათვის შეამცირებს საპროცენტო განაკვეთების რისკს.
წარმოდგენილი კანონპროექტთა ბაზის მიღების შედეგად შესაძლებელი გახდება ფასიანი ქაღალდების გამოშვება რეზიდენტი კომერციული ბანკის მიერ, ასევე კანონის საფუძველზე ხდება იპოთეკით დაცული ობლიგაციების მფლობელთა გარანტიების შემუშავება“, -განმარტა ნიკოლოზ გაგუამ.
სხდომაზე დაისვა კითხვები და გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.