2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.9 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.6 პროცენტი);
ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი);
ყავა, ჩაი და კაკაო (4.3 პროცენტი);
ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი);
პური და პურპროდუქტები (3.1 პროცენტი);
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი);
ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი);
რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20.0 პროცენტი), თევზეული (19.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.5 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 პროცენტით, რაც 2.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4 პროცენტი).