ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინის მწარმოებელ მსხვილ ექსპორტიორ 70-მდე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის მიზნები, პირობები და მონაწილეობისთვის საჭირო ტექნიკური საკითხები გააცნო.
„სახელმწიფო პროგრამის მთავარი მიზანი ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობაა. საერთაშორისო ბაზრებზე მაქსიმალური აქტიურობისა და სტაბილური პარტნიორების მოძიების პროცესში სახელმწიფო ღვინის კერძო სექტორის მუდმივი მხარდამჭერია. ახალი პროგრამის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაცნობის მიზნით, სხვადასხვა ფორმატში, უკვე შევხვდით 250-მდე ღვინის მწარმოებელ კომპანიას. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, კომპანიებს აქვთ კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები. ჩვენ ღია ვართ კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა მივაღწიოთ მიზანს - მოვახდინოთ ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია და გავზარდოთ ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
საქართველოს მთავრობამ, გასული წლის ბოლოს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა, რომლის მიზანი ქართული ღვინის მსოფლიო მასშტაბით ცნობადობისა და ახალ ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობაა.
პროგრამის თანახმად, დაფინანსებას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა, ახორციელებენ. კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯები უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო ბაზრებზე სავაჭრო პარტნიორების მოძიების, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტში შესვლის და გაყიდვების გაზრდის მიზნით დეგუსტაციების გამართვას, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან თანამშრომლობას, მედიაკამპანიების წარმართვას, პროდუქციის რეკლამას და სხვა მიზნობრივ აქტივობას.
პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით განახორციელებს.