ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების განხორციელებაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
აღნიშნული შეთანხმება სემეკსა და Energy Community-ს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა, სადაც ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს ახალმა ხელმძღვანელმა, არტურ ლორკოვსკიმ და სამდივნოს სხვა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული რეფორმის განხორციელებაში სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მნიშვნელობასა და როლს.
სემეკში გამართულ Energy Community-ს სამდივნოს ახალი ხელმძღვანელის გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მათ ენერგეტიკული თანამეგობრობის წარმომადგენელებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მადლობა გადაუხადეს სამდივნოს გაწეული დახმარებისათვის და ხაზი გაუსვეს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ სემეკისთვის გაწეული დახმარების ეფექტიანობას კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წევრი 2016 წელს გახდა, რის საფუძველზეც საქართველოს დაეკისრა ევროკავშირის ენერგეტიკული საკანონმდებლო აქტების შესრულებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება.