ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე. კერძოდ, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) უწევს ქვეყანას ურბანული, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამების მიმართულებით.
საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოს, რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გამოწვევების მიუხედავად მყარად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის კურსს, ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია, ეკონომიკის საფუძვლების გაძლიერება და შოკებისადმი მდგრადობის გაზრდა.
თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.