"უკრაინელები კი არ იწვევენ რუსეთის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობაში აღშფოთებას, არამედ ის ხალხი, ვინც ქვეყანას ნატოსკენ მიათრევს, რათა ამერიკული რაკეტები განათავსონ", - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, ბრაზს იწვევს ასევე ის ხალხი, ვინც "ნაცისტური სიმბოლოებით დაიარება კიევისა და ლვოვის ქუჩებში".
"პრეზიდენტი პუტინი არ არის გაბრაზებული უკრაინელებზე და საერთოდაც, რუსეთში არავინ ბრაზობს უკრაინელებზე. ის [პუტინი] გაბრაზებულია იმ ადამიანებზე უკრაინაში, რომელთაც სურთ იყვნენ ნატოს ნაწილი, რათა განათავსონ ამერიკული ბირთვული რაკეტები მათ ტერიტორიაზე.
პრეზიდენტი გაბრაზებულია იმ ხალხზე უკრაინაში, ვინც რუსულად ლაპარაკს უკრძალავს ადამიანებს, მათ შორის იმ რუსებს, რომლებიც მრავალი წელია უკრაინაში ცხოვრობენ. ის გაბრაზებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც კიევისა და ლვოვის ქუჩებში ნაცისტურ სიმბოლოებს ატარებენ", - თქვა პესკოვმა.