კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ უკრაინაში "რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია" წინასწარ დასახული ამოცანებისა და გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ და სხვა საკითხებზე პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
"ეს [სპეცოპერაცია] მიმდინარეობს წინასწარ დასახული გეგმებისა და ამოცანების შესაბამისად. არავინ ფიქრობდა, რომ ეს სპეცოპერაცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ეს არის სერიოზული ოპერაცია, რომელსაც აქვს სერიოზული მიზნები", - თქვა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივანმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება.
"რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვეაში, თუ სახელმწიფოს არსებობას ემუქრება საფრთხე", - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა განაგრძო მტკიცება, რომ რუს სამხედროებს ეკრძალებათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსი სამხედროების მოქმედებების მთავარი მიზანი ქალაქის "ნაციონალისტური შენაერთებისგან გაწმენდაა".
მისი თქმით, რუსეთისთვის აშკარა იყო, რომ "უკრაინა თავად აპირებდა სამხედრო ოპერაციის დაწყებას დონბასის წინააღმდეგ".