ახალგაზრდა ეკონომისტების კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენას და ეროვნულ ბანკში (სტაჟირებაში პროგრამით) დასაქმებას ისახავს მიზნად. ასევე კონკურსი, კარგი შესაძლებლობაა ნიჭიერი სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისითაც.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. წლევანდელი კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. პროექტის პირველი გამარჯვებულები ნინო მაღრაძე და ქეთევან მაღრაძე გახდნენ.
საკონკურსო პირობების მიხედვით, მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ შესაბამისი დავალებები, კერძოდ, წარმოედგინათ ნაშრომები მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის თემებზე. გამარჯვებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურ გამოწვევებზე. კერძოდ, ნინო მაღრაძის ნაშრომი შეეხებოდა ფინანსური სტაბილურობის მიმართულებას და პანდემიის გავლენას ამ პროცესებზე. "ეკონომიკის დაკრედიტებასა და მასზე მოქმედ ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებები როგორც COVID-19 პანდემიამდე, ისე მის შემდგომ პერიოდში". ქეთევან მაღრაძემ თავის ნაშრომში კი მცირე ზომის ღია ეკონომიკების მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს ანალიზი წარმოადგინა. "მცირე ზომის ღია ეკონომიკების, მათ შორის საქართველოს, შედარება მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს კუთხით".
კონკურსის პირობების შესაბამისად, "ახალგაზრდა ეკონომისტები" საქართველოს ეროვნული ბანკში სამი თვის განმავლობაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთვებიან. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ მნიშვნელოვან შეხვედრებს, გაიღრმავონ ცოდნა და ამასთანავე მიიღონ შესაბამისი რჩევები ეროვნული ბანკის პროფესიონალებისგან. უშუალოდ მათ დახმარებით გამარჯვებულები შეძლებენ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ სამაგისტრო ნაშრომის მიზანი და ამოცანები. ასევე, გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გაატარებენ ერთ სრულ სამუშაო დღეს, დაესწრებიან პრეზიდენტის საქმიან შეხვედრებს და მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში. ორივე გამარჯვებულის შესახებ ეროვნული ბანკი გადაიღებს ვიდეო-პროფილს, სადაც ისინი ისაუბრებენ თავიანთი ნაშრომის შესახებ.