ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo America” გაიმართა. გამოფენაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა.
"გამოფენის ფარგლებში გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრები და მოლაპარაკებები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის საკითხები განვიხილეთ. აშშ მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე დამკვიდრება. 2022 წელს, ძალიან ბევრი საინტერესო აქტიობა გვაქვს დაგეგმილი აშშ-ში, მათ შორის, დეგუსტაციები, საგანმანათლებლო სემინარები, მედია კამპანიები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულ ღვინის საექსპორტო ფასი აშშ-ს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo America” ფარგლებში, ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეხვედრები გამართეს იმპორტიორებთან, სომელიეებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან. ეს იყო ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ.
„ქართული ღვინო ნელ-ნელა მკვიდრდება და სულ უფრო საინტერესო ხდება აშშ-ს ბაზარზე. ამერიკელებს განსაკუთრებით ქართული ქარვისფერი ღვინო აინტერესებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომავალი აქვს და თანდათან აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს აშშ-ს ბაზარზე“, - აღნიშნა ღვინის იმპორტიორმა, ლენი დორფმანმა.
ამერიკელი სომელიე, ჯადი გილდინი, აცხადებს, რომ როდესაც ამერიკელები ისმენენ ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას, მათ დაგემოვნების სურვილი უჩნდებათ. „ყველა კარგად იცნობს ფრანგულ, იტალიურ და ამერიკულ ღვინოებს. მომხმარებელს უნდა რაღაც ახლის და განსხვავებულის დაგემოვნება, რაღაც ისეთის, როგორიც აქამდე ჯერ არ გაუსინჯავთ, ისინი მზად არიან სიახლისთვის. სწორედ ასეთია ქართული ღვინო; ვფიქრობ, მას სულ უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა ჯადი გილდინმა.
გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2021 წელს ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო დაფიქსირდა.