წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.
საქსტატმა ასევე დააზუსტა 2021 წლის I, II და III კვარტალების მონაცემები, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევიდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.0 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, 69.8 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 51.8 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდები 10.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩეხეთი 7.1 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2021 წელს 72.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი, 157.0 მლნ. აშშ დოლარით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის IV კვარტალში 411.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 325.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 79.1 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 36.0 მლნ. აშშ დოლარით (8.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 21.9 მლნ. აშშ დოლარით (5.3 პროცენტი).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2021 წლის IV კვარტალში 91.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორში განხორციელდა და 214.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.2 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 119.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 42.6 მლნ. აშშ დოლარით.