გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.
„დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.
„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა.