გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აგრარული პროდუქციისთვის ბაზრის დივერსიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ფაქტორს უკავშირდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხიც.
"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ბაზრების დივერსიფიკაციისთვის; ამ საკითხებზე წლებია ვმუშაობთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან ისეთ ბაზრებზე ექსპორტის ზრდისთვის, როგორიც არის ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და ა.შ. გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს, სასურსათო პროდუქციის რეკორდული ექსპორტი გვქონდა, მილიარდ 142 მილიონი დოლარის ფარგლებში, დაახლოებით, 200 მილიონიანი ზრდა წინა წლის პერიოდთან შედარებით, რაც კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა.
"ჩვენ, პირველ რიგში, ვმუშაობთ ევროკავშირთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს კონკრეტული გეგმა იმ სტანდარტების და რეგულაციების დასანერგად, რაც საჭიროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ევროკავშირში გასატანად. ევროკავშირში დაშვებულ იქნა თაფლი და შარშან ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან კარგი შედეგი. ამ პროცესის გაგრძელებაა რუსეთში და ევრაზიის კავშირის სხვა ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის საკითხი. მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო კონკრეტული კომპანიების მომართვის საფუძველზე. 2020 წელს სურსათს ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. ამის შემდგომ ჩვენ, გარკვეული დოკუმენტაციების და ინფორმაციების მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ 15 კომპანიის პროდუქცია დაშვებულია ბაზარზე", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
შეგახსენებთ, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა 15 ქართულ კომპანიას საშუალება მისცა, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.