„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
საძოვრების საკადასტრო კოდების ჩამონათვალი უკვე ხელმისაწვდომია პროგრამის განმახორციელებელი უწყების - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.land.gov.ge და ოფიციალურ fb-გვერდზე - https://www.facebook.com/land.gov.ge.; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე www.mepa.gov.ge.
ზემოაღნიშნულ ვებგვერდებზე ასევე ხელმისაწვდომია საძოვრების შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს: საკადასტრო კოდს, ფართობს, მდებარეობას, საკადასტრო გეგმას და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; მითითებულია საკადასტრო კოდებზე პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღი.
ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ პროგრამაში და, აუქციონის გზით, სამი წლის ვადით, იჯარით აიღონ სასურველი საძოვარი. პირველ ეტაპზე, შერჩეულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საძოვრები.
პრეტენდენტის პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელობაში ყოლა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ და fb გვერდებზე.
კოდების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის დასრულების შემდგომ, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო მსურველთა რეგისტრაციას დაიწყებს და განაცხადებს მიიღებს მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0160, ვაზისუბნის ქ. 25. პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით, სააგენტო შეარჩევს აუქციონში მონაწილეების სიას და გადააგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში. აუქციონს ქონების ეროვნული სააგენტო გამართავს.