ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში.
რუსეთის შეჭრის დამგობ რეზოლუციის წინააღმდეგ 5-მა ქვეყანამ მისცა ხმა. გასაკვირი არ არის, რომ ერთი-ერთი მათგანი რუსეთი იყო.
რეზოლუციის წინააღმდეგ ასევე მისცა ხმა ბელარუსმა, რომელიც რუსეთის დიდი ხნის მოკავშირეა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ბელარუსის ტერიტორიიდანაც განახორციელა.
კიდევ ერთ სახელმწიფო, რომელიც რეზოლუციის წინააღდეგ წავიდა, სირიაა. მისი დიქტატორი ლიდერი ბაშარ ალ-ასადი პუტინის ფართო პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სარგებლობს. სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმმა პუტინის დახმარებით შეინარჩუნა ძალაუფლება.
რეზოლუციის წინააღმდეგ ასევე გამოვიდნენ ერითრეა და ჩრდილოეთ კორეა.
ჩინეთმა კი, რომელიც ცოტა ხნის წინ, რუსეთთან ერთობლივი განცხადებით, ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდა, თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას, გაეროს უშიშროების საბჭოში მსგავსი რეზოლუციის კენჭისყრისას, ჩინეთმა მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საბოოლოოდ, უშიშროების საბჭოს რეზოლუციას რუსეთმა დაადო ვეტო.
რეზოლუციას 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა მხარი, 34-მა თავი შეიკავა.
მათ შორის, ვინ თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, სომხეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი, კუბა, ყირგიზეთი, ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკა, ნიკარაგუა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.