გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, საგანგებო სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
რეზოლუცია მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაერო ყველაზე მკაცრი ფორმით გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
მანამდე მსგავსი შინაარსის რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა დაბლოკა.
გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, 34-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ბელარუსმა, რუსეთმა, სირიამ, ერითრეამ და ჩრდილოეთ კორეამ.
მათ შორის, ვინ თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, სომხეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი, კუბა, ყირგიზეთი, ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკა, ნიკარაგუა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას არ აქვს იურიდიულად სავალდებულო ძალა.