„აწარმოე უკრაინისთვის" კამპანიის ფარგლებში რამდენიმე კომპანიამ უკვე გადმოგვცა პროდუქცია, რომლის ნაწილი გაიგზავნება უკრაინაში, ნაწილი კი საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს გადაეცემათ, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის" დაწყების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი კომპანია საკუთარი წარმოების პროდუქციით ეხმარება უკრაინელ ხალხს, ზოგიერთი კი საკუთარი სახსრებით შეძენილი პროდუქციით.
„დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის ინიციატივით დაწყებული კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის", რომელიც აქტიურად გრძელდება, მალე მოიცავს მთელ კერძო სექტორს და მაქსიმალურ დახმარებას აღმოვუჩენთ უკრაინელ ხალხს", - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
მიხეილ ხიდურელის თქმით, კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ უკრაინელი ხალხის დახმარებას სხვადასხვა პროდუქციით და ამ პროცესს სააგენტო გაუწევს კოორდინაციას.
„კამპანიაში უკვე ჩაერთო ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ჯიპიარი", „კლინტექი," კულა", "კამპა", " „ბერტა", „ზედაზენი", „ინვეტი", „გეფერინი", რომელთა მიერ მოწოდებული პროდუქცია გადაეცემა საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს, ნაწილი კი გაიგზავნება უკრაინაში. ამასთან ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ „აწარმოე უკრაინისთვის" ჩართული კომპანიების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და ქველმოქმედებისთვის. ვაგრძელებთ უკრაინისთვის!", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.