საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, 1 მლნ. ლარის ინვესტიციით, „ვაინ გარდსმა“ ღვინის წარმოება გააფართოვა და საექსპორტო ბაზარზე წარმატებით შევიდა.
ახმეტის რაიონში მდებარე „ვაინ გარდსი“ რქაწითელის, ქისის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ 10-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომლის წლიური რეალიზაციაც, საშუალოდ 50 ტონას აჭარბებს.
"ჩვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ხარისხიანი ღვინის წარმოებაა. რთველის პერიოდიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე, ჩვენი გუნდი იცავს იმ ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღებას უზრუნველყოფს. კომპანიის დასახელება „Wine Guards“ – „ღვინის მცველები“ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, შევძელით ეტაპობრივად გაგვეძლიერებინა კომპანია. შევიძინეთ ქვევრები, ფრანგული ღვინის კასრები, ვენახის მექანიზაციისთვის საჭირო ტექნიკა და დღეს უკვე 8 ჰა. ფართობზე გაშენებული ვენახის მეშვეობით, ვახორციელებთ ღვინის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე“, - აცხადებს „ვაინ გარდსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი ჩიჩუა.
"2017 წლიდან - ღვინის საწარმოს დაარსების დღიდან, ჩვენი და „ვაინ გარდსის“ პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მოხარული ვართ, რომ კომპანია დროსთან ერთად აგრძელებს განვითარებას და ახალი ბაზრების ათვისებას. „ვაინ გარდსი“ სამომავლოდ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესი მეტად განვითარდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.