ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ე.წ. რიყის დოქების გაყიდვას კიდევ ერთხელ შეეცდება. უკვე ცნობილია, რომ ობიექტის საწყისი ღირებულება ამჯერად10 მლნ ლარამდე იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, აუქციონში გამარჯვებულს 20 მლნ-მდე ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
სამინისტრო დოქების სივრცეში ციფრული ხელოვნების მუზეუმის, ასევე, ღვინის მუზეუმის შექმნას განიხილავს.
"აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. პირობა არის რომ მინიმუმ 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელდეს. შესაბამისად, მონაწილემ შესაბამისი გარანტიები უნდა წარმოადგინოს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არ მოცემული. ეს იქნება არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. საუბარია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე როგორებიცაა ქართული ღვინის და ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები”,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
"რიყის დოქები" გაყიდვას მთავრობა რამდენჯერმე ეცადა, თუმცა, ამ დრომდე მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა.