„ნაცვლად იმისა, რომ პენსიონრებისთვის პენსიის ზრდაზე დაგეჭირათ მხარი, ნაცვლად იმისა, რომ გაჭირვებული პენსიონრებისთვის მიზნობრივი შემწეობები მიგეცათ, ნაცვლად იმისა, რომ წასულიყავით ჯანსაღი მიდგომით, თქვენ შემოგვთავაზეთ კორუფციული სქემა მორგებული „ლიბერთი ბანკისათვის",-ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
რომან გოცირიძემ ხელისუფლების მიერ საპენსიო სესხის პროცენტის შემცირებისთვის განხორციელებული ნაბიჯები გააკრიტიკა.
„ფაქტიური საპროცენტო განაკვეთი არის 30,6 პროცენტი. მაღალია? ძალიან მაღალია, მაგრამ თქვენი მიღწევა 15 მილიონის ბიუჯეტიდან ბანკის მესაკუთრეების ჯიბეებში ჩადების შემდეგ 26 პროცენტამდე დაწევა კარგია? არა. ეს არის ცუდი. არასაბაზრო მექანიზმი და პერსონალური საბანკო პროდუქტების დაწესება პენსიონრებისთვის. „ლიბერთი ბანკს" თქვენ აძლევთ ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს. არავითარი კონკურსი არ იქნება, თუკი რომელიმე ბანკი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ფიქტიური. არავითარი სხვა ბანკი არ შემოვა. ეს არის პირდაპირ „ლიბერთი ბანკისთვის" მორგებული ტენდერი",-განაცხადა რომან გოცირიძემ.