"თელმიკოსა" და "თელასში" შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, - აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. მისი ინფორმაციით, ჯგუფი სწავლობს რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი.
„კომისიამ მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც აუცილებელია შემოწმებისთვის.
კომპანია ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. პირიქით, დაინტესებულია, რომ გამოავლინოს ყველა ის ხარვეზი, რაც შეიძლება არსებობდეს, ასევე მიიღოს შესაბამისი რეკომენდაცია.
ვთვლი, რომ კომისიის მხრიდან პირველი სამუშაო კვირა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ბევრი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ასევე იყო კომუნიკაცია მომხმარებლებთანაც, როდესაც ურეკავდნენ კომისიის წევრები მომხმარებლებს და პირადად იკვლევდნენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯიანობა. კერძოდ, ხომ არ შეიცვალა დანადგარები? ხომ არ ჰქონდათ სპეციალური გარემოება? დაწვრილებით ხდება ანალიზი თუ რა შეიძლება მომხდარიყო თითეულ აბონენტთან“,- აღნიშნავს ენერგოომბუდსმენი.