სოციალურ ქსელში ვიდეოების სქროლვისას ერთ-ერთ ქართულ გვერდს გადავეყარე, სადაც ვინმე სოსო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. ვიდეობლოგის ერთი ეპიზოდი იტალიას, კერძოდ კი ბრაიესის ტბას ეხებოდა, სადაც ვიდეოს ავტორი იტალიის დედაქალაქიდან ავტომობილით ჩავიდა.
თოვლის ფონზე ყვითელ ფოთლიანი ხეები იმდენად ლამაზად და საოცრად გამოიყურებოდნენ, რომ უცებ ჩემს თავს კითხვა დავუსვი - მეც ხომ არ მეცადა მსგავსი თავგადასავალითქო? ამაზე ჩემი მეორე მესგან უმალვე თანხმობა მივიღე, თუმცა უცებ დავფიქრდი, რადგან ზამთრის პერიოდში, შორ გზაზე არასდროს ვყოფილვარ. ავდექი და ზამთარში მოგზაურობის სპეციფიკის შესწავლა დავიწყე, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
ზამთარი ნამდვილად არ არის წლის ყველაზე საყვარელი დრო მძღოლებისათვის, რადგან ტემპერატურის ვარდნამ შეიძლება მანქანის დეტალების დაზიანება გამოიწვიოს, ასევე ხშირია თოვლის და ყინულის გამო გზებზე მოჭიდების დაკარგვა, რაც პირდაპირ პროპორციულია მოძრაობის გართულებასთან. მოკლედ, ცივი პერიოდი ნაკლებად სასიამოვნოა გადაადგილებისთვის, თუმცა ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ უარი ვთქვათ ავტომობილით შორეულ მოგზაურობებზე.
მთავარია, ყურადღებით მოვემზადოთ ამ ყველაფრისთვის და მივყვეთ იმ მარტივ რეკომენდაციებს, რომლებიც სპეციალისტებმა შეიმუშავეს.
მოგზაურობისთვის მზადება
სანამ დიდ მოგზაურობაში წახვალთ, დარწმუნდით, რომ მანქანა სრულად ფუნქციონირებს, რადგან უცნობ ქალაქში - გზატკეცილზე სანდო სერვისცენტრის, ან ავტო სარემონტო მაღაზიის პოვნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე საკუთარ ქალაქში.
დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი ყურადღებით - გაარკვიეთ, სად მდებარეობს ბენზინგასამართი სადგურები, გზისპირა კაფეები, ავტოსადგომები და სასტუმროები.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ დასახლებულ პუნქტებსა და ბენზინგასამართ სადგურებს შორის გადაადგილების დროს, საწვავთან იყოთ მეტად ყურადღებით, რადგან შეიძლება ის იმაზე მეტი დაგჭირდეთ, ვიდრე ნავიგატორი გიჩვენებთ. ბოლოს და ბოლოს, ელექტრონულმა მოწყობილობამ შეიძლება არ იცოდეს ყველა იმ ორმოს, ან შემოვლითი გზის შესახებ, რომელიც შეიძლება გელოდეთ წინ. გარდა ამისა, აუცილებელია წინასწარ შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი "სიურპრიზები".
რა უნდა წავიღოთ თან?
შორ გზაზე მოგზაურობისას აუცილებლად წაიღეთ ფანარი, აფთიაქი, საკომუნიკაციო მოწყობილობა, დამტენები და რაც მთავარია, სათადარიგო საბურავი.
რისკებისა და გადასაადგილებელი მანძილის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, საჭიროა თბილი ტანსაცმელიც - ხელთათმანები, ქუდები, დამატებითი სვიტრები, რამდენიმე საბანი. ზედმეტი არც საკვებისა და სასმელის დამატებითი მარაგი იქნება.
მოგზაურობის პროცესი
მოგზაურობის პროცესში, გზად ბევრი უცნობი კამერა შეგხვდებათ, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებენ. ნავიგატორმა შეიძლება ყველა მათგანზე წინასწარ ვერ გაგაფრთხილოთ, ამიტომ აუცილებელია მიჰყვეთ ნიშნებს, რათა სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმებმა არ გაგიფუჭოთ ვოიაჟი.
შეძლებისდაგვარად შეავსეთ საწვავის ავზი, დატენეთ მობილური ტელეფონი მოგზაურობის ყოველი მონაკვეთის წინ, რათა ყველაზე შეუფერებელ მომენტში არ დარჩეთ გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე.
თუ ევროპაში მოგზაურობთ, მაშინ წინასწარ გაეცანით ზამთრის საბურავების წესებს და სხვა ზოგად რეგულაციებს.
პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში
ყველა რეკომენდაციის დაცვითაც კი პრობლემებისგან 100%-ით დაზღვეული ვერ იქნებით. მანქანა შეიძლება გაფუჭდეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში, შეიძლება მოყვეთ დიდთოვლობაში და ა.შ - მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პანიკაში არ ჩავარდეთ. დაუგეგმავი ან გადაუდებელი გაჩერების შემთხვევაში, გადმოდგით შესაბამისი ნიშანი, ჩართეთ საგანგებო სიგნალი, დაკიდეთ ანტენაზე ნათელი ქსოვილი და სთხოვეთ დახმარება გამვლელი მანქანების მძღოლებს. თქვენი პრობლემების შესახებ აცნობეთ საგზაო პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს.
თუ დახმარება აგვიანებს, ღამით ავტომობილი განათებულ მდგომარეობაში უნდა დატოვოთ. ძრავი გაათბეთ დაახლოებით საათში ერთხელ 10 წუთის განმავლობაში. მანქანის დაქოქვით თქვენი აკუმულატორის განმუხტვას აირიდებთ თავიდან.
ძლიერი ყინვის დროს, სალონი იზოლირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს. ყველა შუშაზე უნდა გადააფაროთ პლედები ან გადასაფარებლები. ასევე აუცილებელია რიგრიგობით ძილი, ხოლო თუ მანქანაში მარტო იმყოფებით, მაშინ ეცადეთ საერთოდ არ დაიძინოთ.
იმედია, თქვენი მოგზაურობა უსიამოვნებების გარეშე ჩაივლის, თუმცა, სიმშვიდისთვის ამ რჩევების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.
ავტომობილის წინასწარი მომზადება კი შეგიძლიათ "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრებში, სადაც ზამთრის საბურავებსა და კიდევ მრავალ ზამთრისთვის აუცილებელ ატრიბუტს შეიძენთ.