საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი ინდიკატორის - სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (Harmonised Index of Consumer Prices – HICP) გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნული მიმართულებით საქსტატმა მუშაობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, ხოლო მისი გამოქვეყნება, სტატისტიკურ სამუშაოთა 2022 წლის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ყოველთვიურად.
HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან (CPI) მას რამდენიმე მეთოდოლოგიური თავისებურება განასხვავებს, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონების და გამოყენებული კლასიფიკატორის ნაწილში. კერძოდ, HICP-ის შემთხვევაში სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, მაშინ როდესაც CPI-თვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება კლასიფიკატორს, HICP-თვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია - ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-გან.
ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
HICP-თან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქსტატის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტს ტელეფონზე: 236-72-10 (შიდა ნომრები: 400 ან 701), ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე gtetrauli@geostat.ge