მიმდინარე წლის იანვარში, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 21,8 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აღნიშნულ პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი, ზრდამ 43%-ს მიაღწია.
ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528).
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა.
„ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია როგორც რაოდენობრივად, ისე შემოსავლების მხრივ. ზოგადად, იანვრის თვე გამოირჩევა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მხრივ ნაკლები აქტიურობით, თუმცა წელს დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებელი, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია და, ვიმედოვნებთ, რომ ზრდის ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება ", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.