საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება 2 თებერვალს, სამაუწყებლო კომპანია „TV 25“ -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფებთან დაკავშირებით. ასევე, სიუჟეტში ითქვა, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ აბონენტებისათვის ტარიფი გაიზარდა, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.
"კომისია ხაზგასმით აცხადებს, რომ კომისიის მიერ ტარიფები არ გაზრდილა არც შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“. კომპანიებისათვის სემეკმა ტარიფები დაადგინა 2020 წლის ივლისში და ტარიფები დღემდე უცვლელია.
ამასთან განვმარტავთ, რომ „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და 2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ პერიოდში გაზიფიცირებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია და ბუნებრივი გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და ფასებით.
აღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს №52 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, „ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე იმ ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ, რომელთაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ პერიოდში დაუდგინდათ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფი“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ განაწილების არეალში არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კომისიის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის შემდგომ, ფიზიკურ პირებზე (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) აღარ ვრცელდება დერეგულირების შესახებ ზემოხსენებული ბრძანება და ამ საწარმოებს უკვე არ ჰყავთ ე.წ. დერეგულირებული მომხმარებლები", აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, მედიასაშუალებას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან და ტარიფებთან დაკავშირებული საკითხები გადაამოწმონ სემეკში.