ბილაინის მხარდაჭერით, მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდ ყოველწლიურ ღონისძიება, Global Game Jam-ს, წელს საქართველოც შეუერთდა. 28-30 იანვარს თბილისში, სასტუმრო “თბილისი მოქსიში” 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების დანერგვას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში.
Global Game Jam- ში მონაწილეობა თავისუფალია და შეუძლია ყველას, ვინც 18 წლის და მეტისაა და აქვს ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი როგორც მობილური, ასევე სამაგიდო თამაშების, დეველოპმენტის, დიზაინის, მუსიკის, ხელოვნების ან ნებისმიერი იმ დარგის/საგნის მიმართ, რაც თამაშის შესაქმნელად მნიშვნელოვანია. წელს ჰაკათონის შესარჩევი ეტაპი 50-მდე მონაწილემ გაიარა. მათთვის ღონისძიების პირველ დღეს ცნობილი გახდა Global Game Jam-ის გლობალური და ლოკალური თემები, რომლებზეც თამაშები უნდა შეექმნათ და ზუსტად ორ დღეში ჟიურისთვის წარედგინათ.
48 საათის განმავლობაში, კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ 10-მდე კომპეტენტურ მენტორთან, მიეღოთ რეკომენდაციები და დაეხვეწათ თავიანთი თამაში. ღონისძიებას არა მხოლოდ საკონკურსო, არამედ საგანმანათლებლო დატვირთვაც ქონდა - ჰაკათონის მონაწილეები სხვადასხვა ლექციებსა და სემინარებს დაესწრნენ თამაშების ინდუსტრიაში არსებული სიახლეებისა თუ გამოცდილებების შესახებ.
Global Game Jam-ის დასასრულს კი მონაწილე გუნდებმა გლობალურ და ლოკალურ თემებზე შექმნილი თამაშები ჟიურის 8 წევრს წარუდგინეს. კონკურსანტებს ღონისძიების პარტნიორებისგან სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი parallax გახდა, რომელმაც მთავარი პრიზი - 5000 ლარი და გლობალურ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა მიიღო.
“ბილაინი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის შემოქმედებითი აზროვნებისა და ინოვაციურობის, ასევე ახალი იდეების წარმოშობისა და დანერგვის კომპეტენციის განვითარებას ახალგაზრდებში. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი თაობისთვის საინტერესო და მამოტივირებელი შესაძლებლებობების გაჩენას და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების გამომუშავებას. Global Game Jam ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა მობილური თამაშებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მოხარული ვართ, რომ უკვე თბილისიც შეუერთდა ასობით ლოკაციას მთელ მსოფლიოში და გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში,“ - აღნიშნავს ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, სოფო ბალავაძე.
„ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი ხდება, როცა ბევრი შემოქმედებითი ადამიანია მასში. ამიტომ, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც მონაწილეებს მიეცემათ საკუთარი კრეატიულობის გამოვლენის საშუალება და თავადაც მიიღებენ თამაშის შექმნის პროცესით სიამოვნებას, ამასთან ინდუსტრიის განვითარებაშიც შეიტანენ წვლილს. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ორი დღის განმავლობაში მაღალი ხარისხის პროექტები შეიქმნა. სწორედ ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავს პროექტებზე მუშაობას“ - ამბობს Hayk Asriyants, Startup Büro-ს თანამდაფუძნებელი და Global Game Jam Georgia-ს ორგანიზატორი.