უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების სცენარისა და ასეთ შემთხვევაში თანმდევი ეკონომიკური ზეგავლენის რაოდენობრივი გაანგარიშება საკმაოდ რთულია, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, წინა კრიზისებისა და ექსპერტულ მსჯელობაზე დაყრდნობით, შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს კონფლიქტის ესკალაცია, შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში, რასაც მოჰყვება რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება, თუმცა საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის გათიშვის გარეშე.
"ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის დაახლოებით 10%-იანი, ხოლო რუსეთი ეკონომიკის 1%-2%-იანი ვარდნა. ამავდროულად, ხდება ჰრივნისა და რუბლის აშშ დოლართან 40%-ითა და 15%-ით გაუფასურება. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებისაგან განსხვავებით, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, ნავთობისა და სხვა სასაქონლო ფასების შემცირება სცენარში არ განიხილება.
მსგავსი განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქვეყნების მიხედვით მოთხოვნის მიმართ მგრძნობიარე ექსპორტი, გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით, ხოლო რუსეთის შემთხვევაში დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდება. ამასთან, ტურიზმის მხრივ ვითვალისწინებთ, რომ სექტორი ჯერ კიდევ აღდგენის ფაზაშია და, შესაბამისად, შემოდინებების შემცირება მხოლოდ 2022 წლის საბაზო სცენართან მიმართებით ფიქსირდება.
მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებებში, 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენის არგუმენტის გამო, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელთან მიმართებით საკმაოდ მცირეა და 10 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.
ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენის კუთხით, შოკი დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტის ოდენობითაა შეფასებული. საკუთრივ, თუ 2022 წელს საბაზო სცენარი 5.5%-იანი ზრდაა, სტრესულ სცენარში ზრდა დაახლოებით 4.0%-ით განისაზღვრება. ლარის კურსის მხრივ, ზეგავლენა დაახლოებით 10%-იანი გაუფასურებაა, რაც ძირითადად უფრო სუსტი ჰრივნისა და რუბლის შედეგია, ვიდრე ცალკე აღებული სავალუტო შემოდინებების დანაკლისის, რადგანაც 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის თიბისი კაპიტალის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, შოკი მატერიალური, თუმცა მაინც მართვადია", განმარტავენ თიბისი კაპიტალში.