საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა მხატრიშვილმა, The Better Policy Project (BPP) საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა. BPP-ს მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მონეტარული, მაკროპრუდენციული და ფისკალური პოლიტიკების ხელშეწყობა, მათ შორის ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერებით.
სემინარზე შალვა მხატრიშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ იქმნება ფულის მასა თანამედროვე მონეტარულ ეკონომიკებში. აღინიშნა, რომ ფულის მასა იქმნება იმ მომენტში, როდესაც საბანკო სექტორი ზრდის დაკრედიტებას, ასევე, როდესაც სახელმწიფო ზრდის ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას, იქნება ეს შიდა ვალით დაფინანსებული, თუ - საგარეო ვალით. პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლი. შალვა მხატრიშვილმა სემინარის მონაწილეებს განუმარტა, რომ კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემითა თუ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვით ფული წარმოიქმნება დეპოზიტების სახით, ხოლო როდესაც არსებული დეპოზიტი გარდაიქმნება ნაღდ ფულად, ამ დროს ჩნდება მოთხოვნა ცენტრალური ბანკის ლიკვდობაზე. ლიკვიდობის მიწოდების ფასის (საპროცენტო განაკვეთის) ცვლილებით კი, ცენტრალური ბანკები გავლენას ახდენენ სესხების გაცემაზე და, ამის გავლით, ფულის მასაზე.
დისკუსისას შალვა მხატრიშვილი შეეხო ფულის მასასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ მცდარ მოსაზრებასაც, მათ შორის ე.წ. რეფინანსირების სესხების შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხით დასრულდა.
სემინარზე გამოყენებული საპრეზენტაციო სლაიდები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე.