22-23 იანვარს ექსპო 2020 დუბაიზე საქართველოს პავილიონი კალიგრაფიის დღეს უმასპინძლებს.
ღონისძიების მიზანია დუბაი ექსპოს მილიონობით დამთვალიერებელს ქართული დამწერლობის კულტურა და უნიკალურობა გააცნოს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პავილიონში ქართული კალიგრაფიის ვორკშოპი გაიმართება, რომელზეც ქართველი კალიგრაფები მონაწილეებს ქართული დამწერლობის სამი სახეობის შესახებ მოუთხრობენ და ასომთავრულად, მხედრულად და ნუსხურად შესრულებულ ნამუშევრებს წარუდგენენ.
ქართული კალიგრაფიის დღის ფარგლებში გამართულ ვორკშოპზე ასევე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის კერამიკაზე წერა, ქართული ასოების გამოყვანა და სხვა.
გარდა ამისა, 23 იანვარს, დუბაი ექსპო 2020-ზე, ექსპოს ტერა აუდიტორიუმში გაიმართება შეხვედრა ქართველ ავტორებთან, ხოლო დუბაის მილენიუმ ამფითეატრი ამ დღისადმი მიძღვნილ თეატრალურ პერფორმანსს - "7 ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან" უმასპინძლებს.
საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომელიც გასულ წელს „კოვიდ-19"-ის პანდემიის გამო გადაიდო.
გამოფენის მთავარი თემატიკაა – Connecting Minds, Creating the Future, რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.
საქართველოს პავილიონი განთავსებულია მდგრადი განვითარების სექციაში.