ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის 175 გრანტი გასცეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 8,5 მილიონი ლარი შეადგინა. კაპიტალური ინვესტიციების თანადაფინანსების საგრანტო მხარდაჭერა მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მიწოდების არასტაბილურობის პრევენციას. აღნიშნული გრანტები სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიცა.
საგრანტო პროგრამის მესამე ფაზა 2020 წელს დაიწყო. ამ ერთი წლის მანძილზე ქართველმა ფერმერებმა თანადაფინანსებით შეიძინეს ახალი ტრაქტორები და მანქანები და დანერგეს ახალი, ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები. ასევე, შეიძინეს რძის, ბოსტნეულის, ხილისა და მრავალი სხვა პროდუქტის მასობრივი წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში გაცემული თანადაფინანსების გრანტები იმ ფერმერებს, სოფლად მცხოვრებ ოჯახებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მწარმოებლებს უჭერს მხარს, რომლებიც საქმიანობას ეწევიან ახალქალაქის, ბორჯომის, დედოფლიწყაროს, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, ლაგოდეხის, თეთრიწყაროს, ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, წალკის, ნინოწმინდის, ასპინძის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.
ფერმერი ყვარლის მუნიციპალიტეტიდან - მალხაზ მირინაშვილი - ათწლეულებია თავის ოჯახთან ერთად მიწაზე მუშაობს. ოჯახი 9 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთს ამუშავებს, სადაც მოჰყავთ პომიდორი, კიტრი, კომბოსტო და სიმინდი. ოჯახი ასევე უვლის ვენახს. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, ფერმერმა ახალი ტრაქტორი, გუთანი და კულტივატორი შეიძინა.
ჩვენი სოფელი საკმაოდ დიდია და საკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ არის, ყველამ რომ ვიქირავოთ. ხანდახან გაქირავების მომლოდინეთა სია იმდენად გრძელია, რომ მოსავლის აღების დროს ვერ ვუსწრებთ და პროდუქტი გვიფუჭდება. ამ ახალი ტექნიკით არა მარტო დროისა და ფულის დაზოგვას შევძლებთ, არამედ დავიწყებთ ახალი მიწის ნაკვეთის მოძიებასაც, გაფართოების მიზნით, რათა გაორმაგდეს ჩვენი წარმოება. ახალი მანქანების გარეშე ამას ვერ შევძლებდით“, - განაცხადა მალხაზ მირინაშვილმა.
"მეღვინეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა“, - ამბობს მთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეღვინე მანანა ბოლქვაძე. მანანასა და მის ოჯახს ორ ჰექტარზე აქვთ გაშენებული ვენახი, სადაც ცოლიკაურის და ჩხავერის ვაზის ჯიშები მოჰყავთ. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, მანანამ ღვინის ახალი ავზები შეიძინა და ღვინის მარნის მშენებლობა დაასრულა.
"პანდემიის დროს ვერ გავყიდე იმდენი ღვინო, როგორც ადრე ვყიდდი. ავზების უქონლობის გამო, ღვინოც ვერ შევინახე და პროდუქტის ნაწილი დავკარგე. ახალი ავზების საშუალებით, ეს პრობლემა მოგვარდა და ჩემი ღვინის ხარისხიც საგრძნობლად გაუმჯობესდა“, - განაცხადა ფერმერმა.
ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში გამოყოფილი გრანტები 1000-დან 150,000 აშშ დოლარამდე, საინვესტიციო ხარჯების 60%-მდე თანადაფინანსებით, მცირე, საშუალო და მსხვილ მწარმოებლებს ენიჭება. მცირე და საშუალო მწარმოებლებს, ჯამში, 200-ზე მეტი გრანტი გადაეცა, მსხვილმა საწარმოებმა კი, 2020 წელს, 14 გრანტი მიიღეს.
"ევროკავშირისა და FAO-ს გრანტები ეხმარება ქართველ ფერმერებსა და სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლებს თავიანთ ფერმებსა და საწარმოებში ინვესტიციების განხორციელებაში. ეს მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მეტი და უკეთესი ხარისხის პროდუქტი, განაახლონ მეთოდები, შეიძინონ ეფექტური და კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და გახადონ თავიანთი ბიზნესი უფრო მომგებიანი“, - განაცხადა FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.
საგრანტო პროგრამის 60-მდე ბენეფიციარმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება და საგრანტო მხარდაჭერას ისინი უახლოეს თვეებში მიიღებენ. საგრანტო პროგრამის მეოთხე ფაზის დაწყება 2022 წლის დასაწყისშია გათვალისწინებული.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard/.