ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს.
"მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.