რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.
ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, გასულ დღეებთან შედარებით, დღეს უკეთესად გამოიყურება. მისივე თქმით, სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია და ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის დაძლევისკენ არის მიმართული.
"პოლიტიკურად არის ძალიან კარგ ფორმაში. იცით, რომ მან საზოგადოებას უკვე გააცნო ერთი სერიოზული დოკუმენტი, მის დასავლურ მანიფესტს ვგულისხმობ, ხოლო ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი ახალი წლის დღეებში ამ საკითხთან მიმართებაში. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში, რაზეც გააგრძელებს მერე კვალიფიციურ მუშაობას და არის მთლიანად მოცული იმ საკითხებით, რაც საზოგადოებას გარეთ აწუხებს. ის ეფუძნება იმ კვლევებს, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი. მას ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ამ კუთხით არის მისი გონება მიმართული და ის წერს ეკონომიკურ პროგრამას", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძემ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი იმედოვნებს, პარლამენტში მის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ხერხეულიძე ამბობს, რომ პარლამენტში ბოიკოტზე უარს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში იტყვიან.
"ჩვენი ბოიკოტი ამ ბოლო ეტაპზე გამოწვეული იყო ერთადერთი საკითხით - მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა, რომელიც განვითარდა გლდანის ციხეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ნაბიჯს გადავდგამთ და უარს ვიტყვით ბოიკოტზე, მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხით დაინტერესება იქნება და სხვა არაფერი. ჩვენ სხვა არაფერი გვესაქმება პარლამენტში", - თქვა ხერხეულიძემ.