საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან კომისიის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის გეგმები წარადგინა.
დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლებმაც მომხმარებლებს კომუნალური სერვისის მიღება გაუმარტივა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფების მატება არ იგეგმება.
"ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და, სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკიდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მედიასთან სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომპანიების მიერ ზედმეტობით დარიცხულ თანხებზე და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სემეკს ან გადაამოწმონ დარიცხვა *303#-ის მომსახურების საშუალებით.
"მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს *303#-ის მომსახურება. მიმდინარე წლის ბოლოს ამ სერვისს დაემატა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის დარიცხული გადასახადის გადამოწმების ფუნქციაც. მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად, ერთი ღილაკის საშუალებით გაუგზავნონ კომპანიებს მოთხოვნა დარიცხვის გადამოწმებაზე. მკაცრად ვაკონტროლებთ კომპანიების საქმიანობას, ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს სისტემური დარღვევებისთვის დავაჯარიმეთ „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ ( თელმიკო) და „თელასი“ უმაღლესი ოდენობის ჯარიმით. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომპანიებს გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება.
მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ. ჩვენი დავალებით, კომპანიებმა სხვადასხვა მომსახურების სტანდარტის დარღვევის გამო, მომხმარებლებზე 300 ათას ლარამდე კომპენსაცია გასცეს. ასეთი ოდენობის თანხების ჩამოწერა და კომპენსაციების გადახდა მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებლის უფლებების დარღვევას არცთუ იშვიათად აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საკითხი არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რომლის აღმოსაფხვრელად ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტსა თუ რეგულაციას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. მან სხვა პროექტებთან ერთად, ისაუბრა იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური მომსახურებების დადებითი დინამიკის შესახებ.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ მოკლე დროში შეძლო იმ დირექტივების საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში გადმოტანა და განხორციელება, რასაც სხვა ქვეყნებში ათეულობით წელი დასჭირდა. დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზეც.
"ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის შემცირება. 2021 წელს ჯამში მხოლოდ 7 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესები შევიდა ექსპლუატაციაში, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის კი აუცილებელია ე.წ. მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა. ადგილობრივი წარმოების შემცირება და იმპორტის ზრდა ნიშნავს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულობის ზრდას გრძელვადიან პესპექტივაში. ქვეყანას ელექტროენერგეტიკის სექტორში აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ გახდეს ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა. აუცილებელია, გაგრძელდეს ყველა ენერგოპროექტის განხორციელება, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოს და არ შეიცავს არაგონივრულ რისკებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რადგან დღევანდელი ქმედებებით განვსაზღვრავთ ჩვენს ენერგომომავალს", - განაცხადა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ სემეკი მზადაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთოს საზოგადოების სწორ ინფორმირებაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ.
სემეკის თავმჯდომარემ მედიას 2022 წლის გეგმებიც წარუდგინა. მისი თქმით, 2022 წელს სემეკი გააგრძელებს ნორმატიული ბაზის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში განახლებას, ასევე საზოგადოებას შესთავაზებს ახალ ელექტრონულ სერვისებს, მათ შორის, ამოქმედდება საწარმოთა ელექტრონული პორტალი, მიმწოდებლების შეთავაზების პორტალი, შემუშავდება სემეკის ახალი ვებგვერდი. 2022 წლის დასაწყისში დაფუძნდება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უფასოდ გაიაროს ტრენინგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე.