გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ უარყო ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოთხოვნა, მიეღო წვდომა ინგლისის ბანკში (Bank of England) დაცულ 1.95 მილიარდი დოლარის ღირებულების ვენესუელურ ოქროსთან.
მადურო თავის მოთხოვნაში აცხადებდა, რომ ქვეყანას პანდემიასთან საბრძოლველად ნაღდი ფული ესაჭიროება. მადურო ამტკიცებდა, რომ თანხა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) გადაეცემა პანდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მადუროს სახელმწიფოს კუთვნილი თანხა უცხოელი მოკავშირეებისთვის სჭირდება, რომლებიც მხარს უჭერენ მის რეჟიმს.
უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს შეეძლება გადაწყვიტოს, რა ბედი ეწევა ბრიტანეთში დაცულ ოქროს.
ხუან გაიდო, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მიიჩნევს, რომ ოქრო უნდა დარჩეს ინგლისის ბანკის საცავეში.
ნიკოლას მადურო, რომელიც აკონტროლებს მთავრობას, სამხედროებსა და პოლიციას, ოქროს ვენესუელაში დაბრუნებას ითხოვდა და ამიტომაც შეიტანა საჩივარი ინგლისის ბანკის წინააღმდეგ.
მადურო 2018 წელს მეორე ექვსწლიანი ვადით აირჩიეს ვენესუელის პრეზიდენტად. განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია და არ აღიარა მადურო ქვეყნის პრეზიდენტად.