საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანახელმძღვანელთან, კონგრესმენ ადამ კინზინგერთან, ასევე, კონგრესმენებთან სტივ შაბოსთან, დევიდ სისილინთან და დონ ბეიკონთან.
საუბრის ძირითადი საკითები იყო უსაფრთხოება და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება. პარლამენტის წევრებმა ამერიკელ კონგრესმენებს სთხოვეს, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საქართველოს ლობირებაში, რათა გაწევრიანების პროცესი მალე დასრულდეს.
"კარგი შეხვედრა გვქონდა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მათთვის", - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები. ქართულ მხარემ აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების მხრივ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა რეგიონში და რომ საქართველო იმსახურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლაში, რუსეთის აგრესიული გეგმების წინააღმდეგ.
დელეგაციის წევრებმა კონგრესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის და მისი გეგმების შესახებ, რომ დაამყაროს სრული კონტროლი პოსტ-საბჭოთა სივრცეზე.
ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ აღუთქვეს დახმარება ქართულ მხარეს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში და აღნიშნეს, რომ ისინი ძალიან აქტიურად იმუშავებენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.