20 ნოემბერს "შერატონ მეტეხი პალასში" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მრგვალ მაგიდას გამართავს. შეხვედრა და ამ ფორმატში დიალოგი ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებისთვის საჭირო ზომებისა და პოლიტიკის შემუშავებისკენ არის მიმართული და ის პერიოდულად იმართება.
20 ნოემბრის მრგვალი მაგიდის განსახილველი ძირითადი თემა იქნება
ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT), რომელიც ე. წ. არასატარიფო ბარიერებს განეკუთვნება და პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი სისტემის გაუმართაობას გულისხმობს, რაც შეუძლებელს ხდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებას.
მრგვალი მაგიდა საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს გამოთქვას აზრი, თუ როგორ შეიძლება საქართველოს სავაჭრო პოტენციალი უკეთ იქნეს გამოყენებული ევროკავშირთან ურთიერთობისას.
შეხვედრაში ევროკომისიის დელეგაციის, ევროკავშირის და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორი და ბიზნესასოციაციები მიიღებენ მონაწილეობას.