იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ რომსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები „ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს“ მას შემდეგ, რაც მას საჯარო დაპირისპირება ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
მელონიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ წინა კვირას სოციალურ ქსელებში დაწყებული დაპირისპირების გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.
„არ ვაპირებ ამ დაპირისპირების შემდგომ გაღვივებას. მიმაჩნია, რომ აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს; ეს ასევე აღვნიშნე მინისტრთა საბჭოს გუშინდელ სხდომაზე, მომავალი შეხვედრების კონტექსტში“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი სწორად მოიქცა, როდესაც აშშ-ში ვიზიტი გააუქმა მელონისა და ტრამპის შორის არსებული დაპირისპირების გამო. მისი შეფასებით, ეს „სიგნალი“ იყო, თუმცა დაპირისპირების გამწვავება საჭირო აღარ არის.
ამასთან, მელონიმ აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას იტალია–აშშ-ის ურთიერთობებზე, რადგან ეს ორი ქვეყანა ისტორიულად იმდენად მჭიდროდ თანამშრომლობს, რომ მათი ურთიერთობის „წაშლა ან გადახედვა სოციალური ქსელების დაპირისპირების გამო შეუძლებელია“.
„იტალიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არ იწყება და არ სრულდება იმაზე დაყრდნობით, ვინ არის ხელისუფლებაში; საგარეო პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ იმ სიღრმეზე, რომელსაც ის იმსახურებს“, - დაამატა მან.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მელონი საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე მასთან ერთობლივი ფოტოს გადაღებას სთხოვდა.
„ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ერთად ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ შემეცოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
საპასუხოდ, მელონიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტრამპის ბრალდებები უარყო და აღშფოთება გამოთქვა როგორც მისი კომენტარების, ისე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოკავშირეების მიმართ გამოხატული დამოკიდებულების გამო.
"დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, აღშფოთებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე თავისი მოკავშირეების მიმართ? მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: სამწუხაროა, რომ ამავე სიმტკიცესა და შეუპოვრობას ის არ ავლენს დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრებისა და იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც გაცილებით დამთმობი და შემწყნარებელია, თუმცა ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, – განაცხადა მელონმა.
სკანდალის ფონზე, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გააუქმა უახლოეს დღეებში დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში.