"ნაცმოძრაობის" ქმედებებს შეგვიძლია დავარქვათ ბოლო გაფართხალება, გნებავთ კუდის მოქნევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ასევე განმარტა, რომ როცა რომელიმე პოლიტიკური ძალა "მოღვაწეობას" ასრულებს, "კუდის მოქნევა" შეიძლება ძლიერი იყოს და ის 3%-იანი ნამატი მიხეილ სააკაშვილის ანგარიშზე, სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია.
"ნაცმოძრაობის" ლიდერების დიდი ნაწილი დღეს არ არიან პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები, არამედ წარმოადგენენ "მიშისტებს". ასეთი "სექტანტური მოძრაობა" ჩამოყალიბდა მათ ჯგუფში - "მიშისტების სექტა", რაც სირცხვილია. "ნაცობა" არის სირცხვილი, რაც უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა რომელმაც გადაწყვიტა მათი მხარდაჭერა", - აღნიშნა მდინარაძემ.