ბელორუსს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში არჩევანის გაკეთება გაუადვილდება, თუ ისინი საქართველოს სიმართლეში ბოლომდე დარწმუნდებიან.
ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბელორუს დეპუტატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ბაქრაძის განცხადებით, დელეგაცია საკმაოდ დელიკატური მისიით არის საქართველოში ჩამოსული და ამიტომ, დღევანდელ შეხვერაზე ქართველი დეპუტატები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ისინი ქართული მხარის სიმართლეში დაერწმუნებინათ.
მისი თქმით, აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ საკითხი არ დგას საქართველოსა და რუსეთს შორის არჩევანზე, არამედ საკითხი კანონიერებასა და უკანონობას, ძალადობა და მშვიდობას შორის არჩევანს ეხება.
`ვფიქრობ, თუ ისინი დაინახავენ, რომ ქართული მხარე დგას საერთაშორისო სამართლის პრინციპების მხარეს, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება ამ არჩევანის გაკეთება,'' - განაცხადა ბაქრაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბაქრაძეს ბელორუსის არჩევანის წინასწარ პროგნოზირება უჭირს და აცხადებს, რომ ქართული მხარე ბელორუსებისთვის მაქსსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს, რომელიც მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
`დღეს ჩვენი ამოცანა არ იყო დაგვერწმუნებინა, თუ რამდენად ცუდია ვინმე, დღეს ჩვენი ამოცანა მათი ჩვენს სიმართლეში დარწმუნება იყო,'' - აღნიშნა დავით ბაქრაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ბელორუსმა დეპუტატებმა ყველა მიღებულ ინფორმაციას ყურადღებით მოეკიდნენ და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას ამ ინფორმაციების გათვალისიწნებით მიიღებენ. სწორედ ამიტომ ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ბელორუსი საბოლოო არჩევანს მართლაც სამართლიანად გააკეთებს.