საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს.
გამოძიება მათ დანაშაულის დაფარვის ედავება.
"დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას," - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, დააკავეს იმ ბინის მეპატრონე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.