საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.