ხმების დაცვის ძირითადი გამოსავალი არის მაღალ აქტიურობაში, რის მზაობასაც ვხედავ საზოგადოებაში, აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.
მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ თავად არის შეგუებული აზრს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, უბრალოდ ციური მანანას იმედი აქვთ.
"თავადვე ამბობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, ამ დროს ესაუბრებიან თავისი პარტიის აქტივისტებს და წევრებს, რომ 2 ოქტომბერს 23:00 საათზე არ ჩამოეშალოთ პარტიული ინფრასტრუქტურა. 43%-ის აღების იმედი თავადაც აღარ აქვთ და ეუბნებიან თავიანთ ამომრჩევლებს, ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნებაო. რამდენად ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები, დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხზე და საერთაშორისო პარტნიორებზე, რომელთაც აქვთ არამხოლოდ პოზიცია, არამედ ვალდებულება შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ ქართველ ხალხთან ერთად დადგნენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.