„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, მაშინ, როცა 20-მდე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად აქციის მშვიდობიან მონაწილეს.
მელიას თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა მომავალში მსგავსი რამ თავშიც აღავინ გაივლოს.
„ესეც თავის თავზე მეტყველებს, რადგან 20-მდე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, ე.ი. რას გვეუბნება ხელისუფლება, 20 ზონდერი, სუს-ის აგენტი თუკი თავს დაესხმება მშვიდობიან მოქალაქეებს, გაუსწორდებიან ფიზიკურად, ეს დანაშაულად არ ითვლება? აუცილებელია, სავალდებულოა, ნაჯახი ამოიღო, ხანჯალი ამოიღონ, ყელში ჩაარტყან? და ისიც საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად შეიძლება, ერთი ადამიანი დაისაჯოს? ის დანარჩენი 19 არ უნდა დაისაჯოს? დაისჯებიან, ეს არ არის მუქარა, ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ხვალ და ზეგ ვეღარავინ თავშიც ვერ გაივლოს.
წარმოიდგინეთ, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მოქმედი მერი, რომელიც არის საერთო ოპოზიციური შეთანხმების მერობის კანდიდატი და დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, აი, ამას ბედავს ივანიშვილის რეჟიმი, ამას ბედავს კალაძის რეჟიმი, კობახიძე, ღარიბაშვილი და ძმანი მათნი. მათი მხრიდან ეს იყო ერთგვარი მცდელობა გზავნილის პენეტრაციისა ოჯახებში, რომ ეი, თქვენ სადღაც მანდ, ნუ შეიკრიბებით, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, 20-30 ადამიანი შემოგივარდეთ და ფიზიკურად გაგისწორდეთ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.