რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ ამ შემთხვევაში, მით უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელია მიიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა უნდა მოხსნას.
„კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ეს. ხვალ ჩვენ გვაქვს ელჩებთან შეხვედრა, კონკრეტული მტკიცებულებებით მივალ მე ელჩებთან შეხვედრაზე, იდენტიფიცირებული დამნაშავეებით. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, იარაღგაჩრილი მაჟორიტარობის კანდიდატი, ე.ი. უნდა ესროლა და ვიღაცისთვის შუბლი გაეხვრიტა, რომ დასჯილიყო? რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს, მაგრამ არ მოხდება, უკვე მოხსნილიც უნდა ჰქონდეს კანდიდატურა. დამიჯერეთ, ჩათვალეთ, რომ მოხსნილია, საზოგადოება მას დმანისში განაჩენს გამოუტანს მშვიდად და მტკიცედ საარჩევნო ურნასთან. რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ ამ შემთხვევაში, მით უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ნიკა მელიამ დმანისში, სადაც გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას გუშინ ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.