სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის ელექტრონული რეგისტრაციასა და განცხადების შევსებას ვერ ახერებენ. ამის მიზეზი საიტის გაუმართაობაა. ცხელ ხაზზე ადასტურებენ რომ საიტი ხარვეზით მუშაობს და სტუდენტებმა „მოგვიანებით“ უნდა სცადონ.
სტუდეტები ჰყვებიან, რომ განაცხადის შევსებამდე გვერდზე გამოდის შეტყობინება რომ დაფინანსების ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. ცხელ ხაზზე დაკავშირებას კი ვერ ახერხებენ.
ცხელ ხაზზე ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდის ექნებათ სტუდეტებს საშუალება რეგისტრაცია გაიარონ.
განათლების სამინისტროს საიტის გაუმართავობისა და პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ათასობით სტუდენტი კი რეგისტრაციას ვერ ახერხებს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულთა - მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების, აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულების, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) სტუდენტების - დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.