ებრაჰიმ რაისმა საპრეზიდენტო ფიცი დადო ირანის მეჯლისში და ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას ირანის მერვე პრეზიდენტის რანგში.
ცერემონია გაიმართა სასულიერო, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელების, ასევე მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და სამხედროების თანდასწრებით.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ის გამოიყენებს მთელ თავის შესაძლებლობებს მისთვის მინდობილი ვალდებულებების შესასრულებლად. ცერემონია ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
სიტყვით გამოსვლისას ებრაჰიმ რაისი შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ვაშინგტონმა დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას წნეხი, რომელსაც თეირანზე ახორციელებს.
ინაუგურაციას ესწრებოდა 115 -მდე წარმომადგენელი მსოფლიოს 70 -ზე მეტი ქვეყნიდან.
მანამდე ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტად დაამტკიცა.
ებრაჰიმ რაისი, რომელმაც 18 ივნისს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, ცნობილია როგორც მკაცრი ხაზის მიმდევარი, ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც ძალზედ დაახლოებულია აიათოლა ხამენეისთან. ვარაუდობენ, რომ ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი სწორედ ებრაჰიმ რაისი იქნება.
უწინ, ებრაჰიმ რაისი ირანის მართლმსაჯულებას ხელმძღვანელობდა.
ებრაჰიმ რაისი დაკავშირებული იყო ირანში 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების მასობრივ სიკვდილით დასჯაში. სწორედ ამიტომ, ირანის ახალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში იმყოფება.